18 წლის ნიკოლოზ ჯამასპიშვილი "ვიტ-ჯორჯიადან" კარიერას ესპანურ "რეალ მურსიაში" გააგრძელებს.
ამ ეტაპზე "რეალ მურსია" ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.
24 ტურის შემდეგ გუნდი 39 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან "ანტეკერას" 2 ქულით ჩამორჩება. ასე რომ დაწინაურების შანსი დიდია.
რაც შეეხება ნიკოლოზ ჯამასპიშვილს, ის ცენტრალური შემტევის პოზიციაზე თამაშობს.
მისი მთავარი პლუსი ორთაბრძოლები და გოლის გატანის კარგი ალღოა. ასევე ნიკოლოზი ტექნიკითაც გამოირჩევა და რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუებაც არ უჭირს.
ქართველი მანამდე "ვიტ-ჯორჯიას" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ასევე ნათამაშები აქვს დუბლებსა და პირველ გუნდშიც.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზმა კარიერულად ძალიან დიდი წინსვლა განიცადა. მის განვითარებას ესპანეთში დიდ ყურადღებას აქცევენ და დიდი შანსია რამდენიმე წელში ის ბევრად უკეთეს კლუბში ვიხილოთ.
"მურსიას" ჯამასპიშვილის შეძენის დიდი სურვილი ჰქონდა. თავდაპირველად ახალგაზრდა შემტევი "მურსიას“ 19-წლამდელთა გუნდში იასპარეზებს, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი მთავარ გუნდში დააწინაურებენ.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
საყურადღებოა, რომ ჯერ-ჯერობით ჯამასპიშვილს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა იმედია უახლოეს მომავალში ნიკოლოზს ჩვენი ქვეყნის მაისურითაც ვიხილავთ.
ისღა დაგვრჩენია ჯამასპიშვილს კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები ვუსურვოთ.