ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში სტუმრად „რენი“ 4:1 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.
კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვება, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ლუის ენრიკე მას „ლივერპულთან“ საპასუხო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში განიხილავს.
კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, იმ დროს, როცა პარიზელები ბრედლი ბარკოლასა (27) და გონსალო რამოშის (50) გოლებით 2:1-ს იგებდნენ. ქართველის გამოსვლამ სტუმრების შეტევები გაამწვავა. მან ერთ ეპიზოდში უსმან დემბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გუნდის ბომბარდირმა მომენტით ვერ ისარგებლა.
კვარაცხელიას მიერ განვითარებული შეტევა 90+1-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ დემბელეს გაუგრძელა, რომელმაც მორიგი გოლი გაიტანა. ორ წუთში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 65 ქულა აქვს და საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი მეორეადგილოსან „მარსელს“ 16 ქულით ასწრებს.
“ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ მაინც კვარას გამოვარჩევდი. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. თამაშს სულ უფრო აუმჯობესებს და გუნდთან მეტად შეთამაშებული ხდება, ამის ყურება დიდი სიამოვნებაა” – განაცხადა ენრიკემ.