საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან წლის პირველი მატჩებისთვის მხოლოდ ერთი დებიუტანტი გამოიძახა – ოდესის „ჩერნომორეცისა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე.
ლაცაბიძის გამოძახების ერთი-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო სომხეთთან, ერევანში გასამართ შეხვედრას ცენტრალური მცველი გურამ კაშია გამოტოვებს, ხოლო გიორგი გველესიანისა და საბა კვირკველიას გამოძახებისგან მწვრთნელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
ლაცაბიძე, რომელიც გულშემატკივრებისთვის შედარებით უცნობი მოთამაშეა, ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. მაღალი (193 სმ) მცველი ფეხბურთელთა ოჯახში გაიზარდა – მამა, ზაზა ლაცაბიძე ასევე ცენტრალური მცველი იყო და ხაშურის „ივერიასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. გარკვეული პერიოდი პოლონურ კლუბშიც ირიცხებოდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც ჩაუტარებია.
ლუკა ლაცაბიძე 2004 წლის 18 მარტს ხაშურში დაიბადა და ვარჯიში ადგილობრივი „ივერიის“ საფეხბურთო ჯგუფში 7 წლის ასაკში დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი „დინამო თბილისის“ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც მცირე ასაკშივე გაუფორმეს კონტრაქტი. საქართველოს ეროვნული გუნდის ბევრი ფეხბურთელის მსგავსად, ამ აკადემიამ ლაცაბიძის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა.
20 წლის ფეხბურთელი პოზიციით ცენტრალური მცველია, თუმცა „დინამოს“ აკადემიაში თავდაპირველად შემტევად, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. 15 წლის ასაკში კი საბოლოოდ მცველის პოზიციას გაამწესეს.
ლუკამ „დინამოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 2022 წლის 7 აგვისტოს, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, „სამტრედიასთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ მატჩში ჩაატარა – მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. სეზონის ბოლოს, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) იგი 19-წლამდელთა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარადგინა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს პრიზით დააჯილდოვა.
2024 წლის 4 თებერვალს, უკრაინის პრემიერლიგის ჩემპიონმა, დონეცკის „შახტარმა“, ლაცაბიძესთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები არ ჩაუტარებია და ზაფხულში ერთწლიანი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, სადაც დღემდე გამოდის და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.
ლუკას უთამაშია საქართველოს 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. მის კარიერაში ერთ-ერთი საკვანძო მომენტი ახალგაზრდულ გუნდში ხორვატიასთან ჩატარებული მატჩები იყო. 2024 წლის 15 ნოემბერს, 2025 წლის უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეი-ოფში რამაზ სვანაძემ ლაცაბიძე ძირითად შემადგენლობაში პირველად ათამაშა, დისკვალიფიცირებული კაპიტნის, საბა ხვადაგიანის არყოფნაში. ლუკამ თავი ისე კარგად წარმოაჩინა, რომ საპასუხო მატჩშიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და კვლავ დამაჯერებლად ითამაშა.
ლაცაბიძემ „ჩერნომორეცშიც“ დაიმკვიდრა ადგილი და ვილი სანიოლის ნდობაც დაიმსახურა.