იტალიური "ნაპოლი" ახალი სეზონისთვის კასტელო დი სანგროში ემზადება. საწვრთნელ პროცესს ყურადღებით აკვირდება ნეაპოლური მედია, რომელმაც შემაშფოთებელი ცნობები გაავრცელა.
როგორც ირკვევა, 7 აგვისტოს ჩატარებულ სავარჯიშო სესიაში ხვიჩა კვარაცხელიამ სრულფასოვნად ვერ მიიღო მონაწილეობა. ამის სავარაუდო მიზეზად კუნთში არსებულ დისკომფორტს ასახელებენ.
23 წლის გარემარბი კლუბის ექიმ რაფელე კანონიკოს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა და მარჯვენა ფეხზეც მიანიშნებდა. გუნდისგან განცალკევებულმა ვარსკვლავმა დღევანდელ ვარჯიშს გვერდიდან მიადევნა თვალყური.
საბოლოო ჯამში, ხვიჩა დღეს მხოლოდ მსუბუქად დაიტვირთა, გუნდთან ერთად კი პრაქტიკულად არც უვარჯიშია.
2024/2025 წლების სეზონი "პარტენოპეისთვის" კარზეა მომდგარი. პირველ ოფიციალურ მატჩს ანტონიო კონტეს გუნდი იტალიის თასის ეგიდით ჩაატარებს და "მოდენას" უმასპინძლებს. მატჩი 10 აგვისტოს გაიმართება.
რაც შეეხება სერია ა-ს, პირველ ტურში ნეაპოლელები "ვერონას" 18 აგვისტოს ესტუმრებიან.