გათიშვა

კვარა "ნაპოლიდან" წავა - 5 გუნდი, რომლებსაც ხვიჩა იდეალურად მოერგებოდა

კვარა "ნაპოლიდან" წავა - 5 გუნდი, რომლებსაც ხვიჩა იდეალურად მოერგებოდა
2 თვის და 3 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

იტალიური "ნაპოლის" ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. სერია ა-ში კვარას წლევანდელი მონაგარი 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, ანტონიო კონტეს გუნდი კი სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

მოედანზე ყველაფერი შესანიშნავად მიდის, თუმცა იტალიურ პრესაში მაინც ლაპარაკობენ იმაზე, რომ კვარას "დიეგო მარადონაზე" დიდი დროის გატარება აღარ მოუწევს. მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ, ხოლო თუ მოცემულობა არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, აურელიო დე ლაურენტისმა ქართველი 2025 წლის ზაფხულში ტრანსფერზეც კი დააყენოს და მის მაქსიმალურად სარფიანად გაყიდვას ეცადოს.

ცხადია, გულშემატკივრები ნამდვილად არ იქნებიან წინააღმდეგნი, თუ "პარტენოპეის" 77-ე ნომერი კარიერას ევროპულ გრანდში გააგრძელებს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 კლუბს, სადაც კვარაცხელიას წარმოდგენა საკმაოდ საინტერესოა.

"პსჟ"

საიდუმლო არავისთვისაა, რომ პარიზელები ხვიჩას შეძენას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც ცდილობდნენ. ლიგა ერთის ჩემპიონებთან 23 წლის შემტევს კონტრაქტიც შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა "ნაპოლის" გააფთრებულმა წინააღმდეგობამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა. კვარას გარეშე დარჩენილ "პარკ დე პრენსზე" ამ სეზონში ფრთები ბრედლი ბარკოლამ შეისხა, თუმცა არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა 22 წლის ფრანგი ასეთ ფორმას მომდევნო ზაფხულამდე. თუ ასე არ მოხდა, "პსჟ" ნეაპოლელებს აუცილებლად მიაკითხავს, აურელიო დე ლაურენტისის პასუხი კი ამჯერად შეიძლება განსხვავებულიც იყოს.

"ბარსელონა"

კატალონიური გრანდს მარცხენა გარემარბის შეძენა გაცხადებულ მიზნად ჰქონდა დასახული, თუმცა ნიკო უილიამსი ბილბაოში, ეს მიზანი კი შეუსრულებელი დარჩა. "ბლაუგრანა", რომელმაც ჰანსის ფლიკის ხელში სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, შეტევის მარცხენა ფრთაზე რაფინიას ათამაშებს ხოლმე, ოღონდ ბრაზილიელი მოედნის ცენტრშ გაცილებით ეფექტურად გამოიყურება. გავიხსენოთ ისიც, რომ მოარული ხმების თანახმად, ჟოან ლაპორტას 2025 წელს სუპერვარსკვლავის შეძენა აქვს განზრახული, რათა განახლებულ "კამპ ნოუზე" ახალი ერა დაიწყოს. კვარაცხელია მისთვის შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ვარიანტიც კი იყოს.

"ინტერი"

იტალიის ფარგლებში ხვიჩას დარჩენას ნაკლებად განვიხილავთ, მაგრამ თუ კვარაცხელია ამას გააკეთებს, სასურველ ნავსაყუდლად მილანის "ინტერი" გვესახება. "ინტერნაციონალე" დღეს არა მხოლოდ სერია ა-ს, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან მუშაობის პერსპექტივაც გასათვალისწინებელია. ფაქტორები აქაც არსებობს, თუმცა ენდომება თუ არა კვარაცხელიას, რომ იტალიაში სხვა გუნდის მაისურით ითამაშოს, ესეც საკითხავია.

"ლივერპული"

მერსესაიდულ გრანდში იქითა წლიდან ერთ ქართველს უკვე დაბევებული აქვს ადგილი, ხოლო თუ მას მეორეც შეუერთდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. შიშები, რომ იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ "ენფილდზე" კრიზისი დაისადგურებდა, ჯერჯერობით არ მართლდება. არნე სლოტი დაკისრებულ საქმეს დიდებულად უძღვება, ხოლო "წითლები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. გვახსოვდეს ისიც, რომ "ლივერპულს" კვარას ბრწყინვალება საკუთარ თავზეც აქვს გამოცდილი. 2022 წელს ჩატარებული მატჩები "სქაუზერებს" ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ.

"არსენალი"

ხუთეულს კიდევ ერთი პრემიერლიგური გრანდით დავასრულებთ. "მეთოფეები" თვალსა და ხელს შუა იქცნენ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კოლექტივად, სრული ბრწყინვალებისთვის კი მათ შეიძლება სწორედ კვარაცხელია სჭირდებოდეთ. "არსენალის" მარცხენაფლანგელი, გაბრიელ მარტინელი, რომელიც ერთი სეზონის წინ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოიაზრებოდა, დღეს საკუთარი თავის აჩრდილიღაა და ხანგრძლივი უგოლო სერიებით გვამახსოვრებს თავს. ლონდონელებს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ ვიქტორ ოსიმენს, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა. ვინ იცის, "ემირეიტსზე" "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონის სხვა შემოქმედმა ამოყოს თავი.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ