გათიშვა

5 მწვრთნელი, რომელიც "ნაპოლიში" რუდი გარსიას იდეალურად შეცვლიდა

5 მწვრთნელი, რომელიც "ნაპოლიში" რუდი გარსიას იდეალურად შეცვლიდა
1 წლის და 3 თვის წინ
ირაკლი ხასაია

ჯერ სექტემბერი არ დასრულებულა, მაგრამ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია უკვე ჩემოდნებზე ზის. სერია ა-ში არადამაჯერებელ თამაშს ემატება ისიც, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ვერც გუნდის მთავარ ვარსკვლავთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაალაგა ურთიერთობა. ეს გულშემატკივრების უკმაყოფილებასაც იწვევს, რაც ყველაზე კარგად სოციალურ ქსელში ჩანს - Garcia Out ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოწოდებაა.

კიდევ რამდენიმე ფეხის დაცდენა და არაა გამორიცხული, გარსიას კარისკენ მიუთითონ. ამ შემთხვევაში აურელიო დე ლაურენტისს ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს. პრეზიდენტს რომ საქმე გავუადვილოთ, 5 სასურველ კანდიდატს ჩვენვე შევთავაზებთ:

ანტონიო კონტე

კონტე ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახელოვანი მწვრთნელია. ლონდონის "ტოტენჰემიდან" სკანდალით წამოსული ანტონიო ახლა უმუშევარია და სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს. სერია ა-ში მუშაობა რომ მას იდეალურად გამოსდის, არავის დაგვვიწყებია - "იუვენტუსი" 4-ჯერ გააჩემპიონა, ერთხელ კი ტიტული მილანის "ინტერს" მოაგებინა. "პარტენოპეი" იტალიაში მისი მე-3 სამწვრთნელო თავგადასავალი იქნებოდა (ნაკრების მწვრთნელობას თუ არ ჩავთვლით), თუმცა საკითხავი ისაა, დაუკმაყოფილებს თუ არა აურელიო დე ლაურენტისი კონტეს სახელფასო მოთხოვნებს და საერთოდ, რამდენად შეეწყობა ერთმანეთს რთული ხასიათით გამორჩეული ორი პიროვნება.

გრემ პოტერი

კიდევ ერთი სპეციალისტი, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც ლონდონი იყო. პოტერი გასულ სეზონში "ჩელსის" თავკაცობდა და 31 მატჩში 11 წააგო, კარისკენაც მალევე მიუთითეს, მაგრამ ყველას შესანიშნავად გვახსოვს მის მიერ "ბრაიტონში" გაწეული ბრწყინვალე სამუშაო. ახალგაზრდა მწვრთნელის რეპუტაციას "პენსიონერებმა" დიდი დარტყმა მიაყენეს, ამიტომ მას ახალი, სუფთა ფურცელი სჭირდება. "ნაპოლი" შეიძლება ძალიან კარგი ვარიანტი იყოს, რადგან ის შემტევი ფეხბურთი, რომელსაც 46 წლის ინგლისელი "თოლიებს" ათამაშებდა, კამპანიას რეგიონშიც ძალიან მოეწონებათ.

კრისტოფ გალტიე

გალტიეს შემთხვევაც რაღაცით პოტერისას ჰგავს - "პარი სენ ჟერმენში" მან თავი ვერაფრით მოგვაწონა (მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1 მოიგო), მანამდე კი, "ნიცასა" და "ლილში", ძალიან სიმპატიური სპეციალისტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კრისტოფისა და ლუჩიანო სპალეტის სათამაშო ფილოსოფიებს შორის გარკვეული მსგავსების დაჭერა ნამდვილად შეიძლება. ამ შემთხვევაში პრობლემას ის ქმნის, რომ გალტიეს დეკემბერში სასამართლო ელოდება - მას რასისტულ და რელიგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ, რომელსაც ადგილი "ნიცაში" მუშაობისას უნდა ჰქონოდა.

ხულიენ ლოპეტეგი

ლოპეტეგის ახალი სეზონი "ვულვზში" უნდა დაეწყო, მაგრამ თანამდებობა პრემიერ ლიგის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. მიზეზად ის დასახელდა, რომ "მგლების" ხელმძღვანელობამ მას მიცემული პირობები ვერ შეუსრულა. ესპანელი სპეციალისტი ახლა საინტერესო ვარიანტის გამოჩენას ელოდება. მანამდე კი ჩვენ მისი ბოლო სამწვრთნელო წარმატება გავიხსენოთ, რომელიც 2020 წელს, "სევილიასთან" ერთად მოგებულ ევროპა ლიგას გულისხმობდა.

ოლივერ გლასნერი

ევროპა ლიგა ვახსენეთ და გლასნერის გამოტოვებაც არ შეიძლებოდა. 2021 წელს ოლივერმა ფრანკფურტის "აინტრახტს" ევროპა ლიგა მოაგებინა, შემდეგ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს უწია, სადაც სწორედ "ნაპოლისთან" დამარცხდა. 3 მცველი, მაღალი პრესინგი, ვერტიკალური ფეხბურთი და მომაკვდინებელი კონტრშეტევები - ასე აღიწერება ავსტრიელი სპეციალისტის სათამაშო სტილი, რომლის "ნაპოლიში" ხილვაც უინტერესო ნამდვილად არ იქნებოდა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ