გათიშვა

ვილი რჩება, მაგრამ - 5 სამომავლო კანდიდატი საქართველოს ნაკრებისთვის

ვილი რჩება, მაგრამ - 5 სამომავლო კანდიდატი საქართველოს ნაკრებისთვის
5 თვის და 2 კვირის წინ
ირაკლი ხასაია

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე გამოსვლა დაასრულა, ყველაზე აქტუალურ საკითხად ვილი სანიოლის მომავალი იქცა. შეკითხვაზე საბოლოო პასუხი გუშინ შევიტყვეთ, როცა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ვილის "ჯვაროსნებთან" კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს და იგი ამ კონტრაქტს დაასრულებს.

მაშასადამე, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ჯგუფის მატჩებში, რომლებიც ამა წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გველოდება, საქართველოს ეროვნულ გუნდს კვლავ ფრანგი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.

არ გამოვრიცხოთ, სანიოლთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაახანგრძლივოს კიდეც, მაგრამ იქამდე ჩვენ შეგვიძლია იმ კანდიდატებზე ვისაუბროთ, რომელთა "ჯვაროსნების" დამრიგებლად ხილვა საკმაოდ საინტერესო იქნებოდა. მაშ ასე, გთავაზობთ 5 ასეთ სპეციალისტს:

იგორ ტუდორი

ეს გვარი ქართველ გულშემატკივარს წესით უნდა ეცნობოდეს, რადგან წინა სეზონში, როცა "ნაპოლიში" მწვრთნელების კარუსელი ჰქონდათ დატრიალებული, ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ სერბი განიხილებოდა. საბოლოო ჯამში, 18 მარტს ტუდორმა "ლაციო" ჩაიბარა, 5 ივნისს კი თანამდებობიდან გადადგა - მიზეზად ხელმძღვანელობასთან უთანხმოება დასახელდა. სხვადასხვა დროს უმუშავია "პაოკში", "გალათასარაიში", "უდინეზეში", "ვერონასა" და "მარსელში". "იუვენტუსში" იყო ანდრეა პირლოს ასისტენტი, მაგრამ ყველაზე წარმატებულ პერიოდად მაინც "ვერონაში" მოღვაწეობა უნდა ჩავუთვალოთ.

რაც შეეხება 46 წლის მწვრთნელის სათამაშო სტილს, იგი უპირატესობას აგრესიულ ფეხბურთს ანიჭებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ტუდორს უთქვამს: "მე გაბედული და ინტენსიური ფეხბურთი მჭირდება, რომელიც მხოლოდ თავდაცვაზე არ იქნება დაფუძნებული. მინდა, რომ სტადიონზე მოსული ხალხი გაერთოს და იმედგაცრუებული არ დარჩეს."

ივან იურიჩი

სერია ა-ში მოღვაწეთა ხაზს თუ გავყვებით, იურიჩი ასევე საინტერესო კანდიდატად მოგვეჩვენება. ხორვატმა სპეციალისტმა ბოლო 3 სეზონი "ტორინოში" გაატარა და იგი მაისში დატოვა. ივანი კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრს, საბა საზანოვს, რომელსაც გასულ სეზონში ბევრ სათამაშო დროს არ აძლევდა, მაგრამ ეს პიემონტელთა დაცვის ცენტრში არსებული დიდი კონკურენციითაც იყო განპირობებული.

48 წლის იურიჩი ცნობილია უკანა ხაზის ორგანიზების შესანიშნავი უნარით. გარდა ამისა, მისი გუნდები ძალიან სწრაფად ახერხებენ დაცვიდან შეტევით ფაზაში გადასვლას ხოლმე. ივანს გავარდნილი აქვს ბრწყინვალე მოტივატორის სახელი.

რამაზ სვანაძე

რა თქმა უნდა, როცა საქართველოს ნაკრებზეა საუბარი, მისი ქართველი სპეციალისტის მიერ ჩაბარებაც არ უნდა გამოვრიცხოთ. დღევანდელი მოცემულობით, ერთადერთ რეალურ ვარიანტად რამაზ სვანაძე შეიძლება განიხილებოდეს.

სვანაძე ამჟამად 21-წლამდელთა ნაკრებს უდგას სათავეში, თუმცა ევრო 2024-ზე სანიოლის სამწვრთნელო შტაბის წევრიც გახლდათ. ყველას შესანიშნავად გახსოვთ 43 წლის სპეციალისტის მიერ დამოძღვრილი "ჯვაროსნების" გამოსვლა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც ქართველებმა ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მეოთხედფინალში კი მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ. რამაზის გუნდი მაშინ კომპაქტური თავდაცვითა და ელვისებური შეტევებით გამოირჩა.

სხვათა შორის, სვანაძეს საქართველოს მთავარი ნაკრებიც გაუყვანია მოედანზე. 2020 წლის ნოემბერში, როცა ვლადიმერ ვაისი დაკავებული თანამდებობიდან ნაადრევად გადადგა, ესტონეთთან ნულოვანი ფრით დასრულებულ მატჩში გუნდს სწორედ მან უხელმძღვანელა.

ლორენ ბლანი

ჩამოთვლილ უცხოელებში ბლანი შეიძლება ერთადერთი იყოს, რომელიც სანაკრებო ფეხბურთში გადაბარგებაზე აქტიურად ფიქრობდეს, გამომდინარე მისი ასაკიდან თუ კლუბებში ბოლოდროინდელი საქმიანობიდან. 58 წლის ბლანი ბოლოს ლიონის "ოლიმპიკს" ედგა სათავეში და იგი თანამდებობიდან 2023 წლის 8 სექტემბერს გაათავისუფლეს, როცა ლიგა 1-ის პირველი 4-დან 3 მატჩი წააგო და ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა.

ცხადია, ლორენის სამწვრთნელო დოსიე მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, რამეთუ მას ზურგს საფრანგეთის ნაკრებსა და "პარი სენ ჟერმენში" მუშაობა უმაგრებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი სწორედ ფრანგი გახლდათ, ვინ იცის, ბლანის კანდიდატურა ისე მიუღებლადაც აღარ წარმოგვიდგეს.

ნიკო კოვაჩი

სანაკრებო ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება კოვაჩსაც აქვს. იგი ხორვატიის ნაკრებს 2013-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. ნიკოს დარიგებულმა ხორვატებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში ისლანდიას კი აჯობეს, მაგრამ ფინალურ სტადიაზე უკვე ვეღარაფერი გააწყვეს და ბრაზილია-მექსიკა-კამერუნის ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს.

მიუნხენის "ბაიერნი", ისევე როგორც სანიოლის შემთხვევაში, ნიკოსთვისაც მნიშვნელოვანი კლუბია. 2018-2019 წლებში მან ბავარიელებს გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა, მაგრამ 2019 წლის ნოემბერში თანამდებობა დაატოვებინეს, ფრანკფურტის "აინტრახტთან" (ასევე მის ყოფილ კლუბთან) განცდილი გამანადგურებელი მარცხის (1:5) შემდეგ. ამის მერე ხორვატი "მონაკოს" ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი "ვოლფსბურგში" მუშაობდა.

კოვაჩის საყვარელ ფორმაციად 4-2-3-1 მიიჩნევა, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს, რამეთუ ბევრის მიერ გაჟღერებული მოსაზრებით, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება სწორედ ამ განლაგებით შეეძლება.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ