როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოიყურება.
"ჯვაროსნებმა" "დინამო არენაზე" გამართულ მატჩებში ჯერ პორტუგალიას მოუგეს, ანგარიშით 2:0, შემდეგ კი ბელგიასთან აღმოფხვრეს 2-ბურთიანი ჩამორჩენა და უმნიშვნელოვანესი ქულა აიღეს (2:2).
მესამე ტურის წინ ჯგუფის ლიდერი კვლავ რამაზ სვანაძის გუნდია. მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფ ბელგიასა და ნიდერლანდელებს ქართველები 2-2 ქულით უსწრებენ და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ A ჯგუფიდან ლიდერებად ქართველები გავიდნენ, მათ C ჯგუფის მე-2-ადგილოსანთან მოუწევთ მეოთხედფინალური დაპირისპირება. ეს პოზიცია ახლა ჩეხეთის ეროვნულ გუნდს უკავია.
ეს მეოთხედფინალური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის არენაზეა ჩანიშნული. "90 წუთი" ამასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
"ამბავი არის ასეთი: თუ ჩვენი გუნდი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფში 1 ადგილზე გავა, ქართული მხარე ეცდება მესხის (24.600) მაგივრად მატჩი დინამო არენაზე გადმოიტანოს (54.000)" - ვკითხულობთ პოსტში.
აქვე გეტყვით, რომ A ჯგუფის მეორეადგილოსნისა და C ჯგუფის პირველადგილოსნის შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე ჩატარდება.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ჯვაროსნები" ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. შეხვედრა 27 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.