ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საფეხბურთო სამყაროს ყურადღებაა მიპყრობილი, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობა გახლავთ. ტურნირის მთავარ მოულოდნელობად საქართველოს ნაკრები გვევლინება, რომელმაც სიკვდილის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ხვალ ისრაელის ნაკრებს შეხვდება.
რა გასაკვირია, რომ ქართველთა ასპარეზობას ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსეთში. რუსულმა ვებსაიტმა Chempionat.ru-მ რამაზ სვანაძის შეგირდების ჩინებულ გამოსვლას სტატია მიუძღვნა, სადაც შურნარევი გაკვირვებითაა აღნიშნული ფაქტი, რომ ქართველები ძალიან ახლოს არიან იმასთან, რაც რუსებს არასდროს ღირსებიათ - გამოსვლასთან ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე.
აი, რას ვკითხულობთ სტატიაში:
"რუსი ფეხბურთელები ოლიმპიური თამაშებისთვის არასდროს შეურჩევიათ. მხოლოდ ერთმა გუნდმა, რუსეთთან დაახლოებულმა, მიიღო მასში მონაწილეობა.
2024 წელს საფეხბურთო ტურნირი პარიზში გაიმართება, 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ეგიდით. მასში 16 გუნდი ითამაშებს. მოულოდნელად შეიძლება ერთ-ერთი მათგანი საქართველო იყოს. რამაზ სვანაძის გუნდი ოლიმპიადასთან ერთ ნაბიჯშია. რა უნდა გააკეთონ ქართველებმა ამისთვის?
ევროპული გუნდები ოლიმპიადაზე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გავლით ხვდებიან. წესის მიხედვით, ოთხი უძლიერესი გუნდი (ნახევარფინალისტები) იღებს ოლიმპიადის საგზურს. მაგალითად, 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში რუმინეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ითამაშეს. მათ ტოკიო 2020-ზეც მიიღეს მონაწილეობა.
2024 წელს, ევროპული გუნდების კვოტა 3-მდეა შემცირებული, რადგან საფრანგეთს, როგორც მასპინძელს, ოლიმპიადაზე თამაშის უფლება ისედაც მოპოვებული აქვს. მიუხედავად ამისა, ფრანგებმა ევრო 2023-ის მეოთხედფინალს უწიეს და იმის გათვალისწინებით, რომ, დიდი ალბათობით, ნახევარფინალში გავლენ, უეფას სხვა აღარაფერი დარჩენია, გარდა საგზურების პირდაპირ დანარჩენ 3 ნახევარმცველზე გადაცემებისა. მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება საქართველო იყოს.
საქართველომ უკვე შემოგვთავაზა სენსაცია, როცა ნიდერლანდების, ბელგიისა და პორტუგალიის კომპანიაში, რომელსაც სიკვდილის ჯგუფი უწოდეს, პირველი ადგილი დაიკავა. საქართველო მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება. ცხადია, ეს შესაძლებელთაგან ყველაზე ცუდი მეტოქე ნამდვილად არ გახლავთ. თუ ქართველები გაიმარჯვებენ, უდიდესი ალბათობით, მათ პარიზის ოლიმპიადაზე ვნახავთ.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ერთადერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ითამაშა, ბელორუსი გახლავთ. 2011 წელს ბელორუსებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ნახევარფინალში მათ ესპანეთთან წააგეს (1:3), მესამე ადგილისთვის მატჩში კი ჩეხეთი დაამარცხეს (1:0). ოლიმპიადაზე ბელორუსი რთულ ჯგუფში მოხვდა - ბრაზილიის, ეგვიპტისა და ახალი ზელანდიის ჯგუფში მე-3 პოზიცია დაიკავა.
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე არასდროს უთამაშია, თუმცა საბჭოთა კავშირის ნაკრებს დიდი ისტორია აქვს - 2 ოქროსა (1956, 1988) და 3 ბრინჯაოს მედლით (1972, 1976, 1980).
შეძლებს საქართველო კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას - ნახევარფინალში გასვლასა და ოლიმპიადაზე თამაშის უფლების მიღებას? ამაზე პასუხს პირველ ივლისს გავიგებთ."
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის მეოთხედფინალური დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მას ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.