სობოსლაისთან ერთად თუ მის გარეშე - იქნება თუ არა კაპიტანი საქართველოსთან სობოსლაისთან ერთად თუ მის გარეშე - იქნება თუ არა კაპიტანი საქართველოსთან » Footballnews სობოსლაისთან ერთად თუ მის გარეშე - იქნება თუ არა კაპიტანი საქართველოსთან
გათიშვა

სობოსლაისთან ერთად თუ მის გარეშე - იქნება თუ არა კაპიტანი საქართველოსთან

სობოსლაისთან ერთად თუ მის გარეშე - იქნება თუ არა კაპიტანი საქართველოსთან
28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ხვალ, 14 ნოემბერს, 21:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ არენაზე ერთა ლიგის მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებები წარსდგებიან. შეხვედრის წინ მთავარი ინტრიგა უნგრელთა ლიდერის, დომინიკ სობოსლაის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

გასული კვირის შაბათს, 8 ნოემბერს, „კრისტალ პალასთან“ გამართულ მატჩში (რომელიც „ლივერპულმა“ 3:1 მოიგო), უნგრელმა ვარსკვლავმა მუხლი დაიზიანა და 69-ე წუთზე შეცვალეს. ბუდაპეშტში ჩასვლისთანავე ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, მისი თამაშის საკითხი ბოლო მომენტში, უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.

უნგრული პრესის მთავარი გზავნილი ბოლო დღეების განმავლობაში უცვლელია – ყველაფერი თამაშის დღეს გაირკვევა. მართალია, სობოსლაი გუნდთან ერთად უკვე თბილისშია, თუმცა ამ დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ადგილობრივი მედიის პროგნოზით, ყველაზე რეალური სცენარია, რომ ნახევარმცველი ან საერთოდ დაისვენებს, ან მოედანზე მხოლოდ 20-30 წუთით გამოჩნდება, რათა 17 ნოემბრის შეხვედრისთვის სრულფასოვან ფორმაში შესვლა მოასწროს.

არსებული ინფორმაციით, უნგრეთის ფედერაცია და მთავარი მწვრთნელი მარკო როსი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ. იტალიელი სპეციალისტი კაპიტნის გარეშე თამაშის ვარიანტსაც აქტიურად განიხილავს. პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სობოსლაი მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს, როსის სამი ალტერნატიული გამოსავალი აქვს.

უმაღლესი დონის ნახევარმცველის შესაძლო არყოფნა უნგრეთში ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. ვარაუდობენ, რომ მის პოზიციაზე შესაძლოა 30 წლის იოჟეფ ურბლიკმა ითამაშოს. რადგან ის წარსულში სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა და უნგრეთის მთავარი გუნდის მაისური ჯერ არ მოურგია, შესაძლებელია, მისი დებიუტი სწორედ თბილისში, საქართველოს წინააღმდეგ შედგეს.

ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უნგრეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, როლანდ შალაიმ:

„სობოსლაი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ითამაშოს. იმედი მაქვს, შაბათის მატჩი სამუდამოდ დამამახსოვრდება და საქართველოდან სამ ქულას წავიღებთ. ვფიქრობ, დომინიკი ორივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას“.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის კიდევ ერთი უნგრელი ლეგიონერი, მილოშ კერკეზიც ინდივიდუალურ რეჟიმში ემზადება, თუმცა ის დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ბრუნდება და მისი თამაში მოსალოდნელია.

მოახლოებული დაპირისპირება უნგრელთათვის გადამწყვეტი ფაქტორია: ჯგუფური ეტაპის ცხრილში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქუით ლიდერობს, უნგრეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა, უკრაინა 4 ქულას ფლობს და მესამეა, ხოლო საქართველოს ნაკრები 2 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

გირჩევთ