

"რომას" ლიდერ ნიკოლო ძანიოლოს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გამოცვლას ბევრი უწინასწარმეტყველებს. 23 წლის იტალიელის სახელი უკევ დაუკავშირეს ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც "მილანი" და "ტოტენჰემი" არიან, თუმცა დღეს საგას ახალი და მეტად მოულოდნელი წევრი გამოუჩნდა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ჯალაროსიმ" წინადადება ინგლისური "ბორნმუთისგან" მიიღო. "ალუბლები" რომაელებს ნიკოლოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ. გარდა ამისა, "რომა" ძანიოლოს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-საც მიიღებს.
ამ პირობებით "მგლები" მეტად კმაყოფილნი არიან. იტალიელი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ თუ "მილანი" საკუთარ შეთავაზებას არ გაზრდის, "რომა" "ბორნმუთს" თანხმობას შეუთვლის და ყველაფერი უკვე თავად ფეხბურთელის ხელში იქნება.
ვიცით, რომ "როსონერის" ძანიოლოს იჯარის წესით წაყვანა და მისი გამოსყიდვის უფლების მიღება სურს, "ჯალაროსი" კი ფეხბურთელის გაყიდვას სცდილობს. სწორედ ამიტომ იხრებიან ისინი ინგლისური კლუბის შეთავაზებისკენ.
გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად ენდომება ძანიოლოს გადასვლა იმ გუნდში, რომელიც ახლა ინგლისის პრემიერ ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის და სხვა ამბიცია არ გააჩნია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იტალიელმა 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნიკოლო "რომას" 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით დაეხმარა.