• 25-09-2023
    "აიაქსი" v "ფეინოორდი" ოთხშაბათს ჩანიშნეს - ამსტერდამში ბრაზობენ
    "აიაქსი" v "ფეინოორდი" ოთხშაბათს ჩანიშნეს - ამსტერდამში ბრაზობენ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის "აიაქსისა" და როტერდამის "ფეინოორდის" გუშინდელი მატჩი, რომელსაც სტუმრები 3:0-ის იგებდნენ, 55-ე წუთზე შეწყდა და აღარ გაგრძელებულა. ამის მიზეზი გულშემატკივრების მიერ მოედანზე ნასროლი მაშხალები გახლდათ. მსგავსი რამ შეხვედრის განმავლობაში ორჯერ მოხდა - პირველ ჯერზე მატჩი 15 წუთით შეჩერდა, მეორედ კი საერთოდ შეწყდა.

    ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ დღეს გადაწყვიტა, რომ ერედივიზიონის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა ოთხშაბათს, 55-ე წუთიდან განახლდეს. ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ იქნებიან.

    პრობლემას ქმნის ის, რომ ოთხშაბათს "აიაქსს" ნიდერლანდების თასის მატჩი უნდა ჩაეტარებინა და "ვოლენდამისთვის" ემასპინძლა. ორივე გუნდი ასოციაციისთვის ჩივილს გეგმავს.

    ამსტერდამელთა მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უახლოესი თარიღი, როცა "ფეინოორდთან" შეხვედრის განახლებაა შესაძლებელი, ნოემბრის პირველ კვირაში უნდა მოიძებნოს.

    შეგახსენებთ, რომ არეულობა გუშინ "იოჰან კრუიფ არენას" მიმდებარე ტერიტორიაზეც გაგრძელდა. დააკავეს 15 ადამიანი, პოლიციის ორი ოფიცერი კი დაშავდა.

    ნიდერლანდების ერედივიზიონში მატჩების შეწყვეტა არც ისე იშვიათი მოვლენაა, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. აშკარაა, რომ გულშემატკივრების ქმედებები ჩემპიონატს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის.

    Facebook კომენტარები