

"ბარსელონას" ბენჟამინ პავარი შესთავაზეს, - იუწყება გერმანული გამოცემა Kicker.
წყაროს თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" მცველის აგენტები "ლურჯ-ბროწეულისფერთ" დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგნი არ იქნებიან.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ფრანგ ფეხბურთელს ახალ გუნდში არა მარჯვენა, არამედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში ურჩევნია.
თუ გავითვალისწინებთ "ბარსას" დაცვის ცენტრში არსებულ კონკურენციას (არაუხო, კუნდე, გარსია, კრისტენსენი), მივხვდებით, რომ "ბლაუგრანაში" ბენჟამინს მარჯვენა ფრთაზე უნდა განიხილავდნენ, რადგან გუნდისთვის ყველაზე პრობლემატური პოზიცია სწორედ მარჯვენა მცველია.
მოარული ხმების თანახმად, პავარს "რეკორდმაისტერში" გაჩერება აღარ უნდა და ახალ გამოწვევებს ეძებს. ბუნებრივია, ფეხბურთელის პოზიცია სატრანსფერო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ფლანგელმა "ბაიერნის" მაისური მიმდინარე სეზონის 21 მატჩში მოირგო და 4 გოლი გაიტანა. კლუბთან კონტრაქტი მას 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით აკავშირებს.