• 06-08-2023
    ქომუნითი შილდი "არსენალმა" მოიგო
    ქომუნითი შილდი "არსენალმა" მოიგო
    Author of the article
    Aa

    "უემბლიზე" დღეს "ქომუნითი შილდის" ტრადიციული გათამაშება შედგა. ვინაიდან გასულ წელს "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგაც და ასოციაციის თასიც მოიგო, "ქალაქელებს" პრემიერ ლიგის მეორეადგილოსან "არსენალთან" მოუწიათ დაპირისპირება.

    მატჩის ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 78-ე წუთზე "სიტი" თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა კოულ პალმერმა ულამაზესი გოლით დააწინაურა. თითქოს, პეპ გვარდიოლას გუნდის გამარჯვებას წინ ვეღარაფერი გადაეღობებოდა, მაგრამ 101-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა "სიტის" კარის მიმართულებით დაარტყა, ბურთი მანუელ აკანჯის მოხვდა და ისე აღმოჩნდა ორტეგას კარში.

    1:1 და თამაში პირდაპირ პენალტების სერიაში გადავიდა, რადგან დამატებითი დროის არქონა ამ სანახევროდ ამხანაგური ხასიათის შეხვედრაში ასევე ტრადიციადაა ქცეული.

    პენალტები "მეთოფეებმა" გაცილებით უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს, ანგარიშით 4:1. თერთმეტმეტრიანები ზუსტად მარტინ ოდეგორმა, ლეანდრო ტროსარმა, ბუკაიო საკამ და ფაბიუ ვიეირამ შეასრულეს, "სიტის" მხრიდან კი ბერნარდუ სილვამ გაიტანა, თუმცა კევინ დე ბრუინსა და როდრის მიზანმა უმტყუვნათ.

    "არსენალმა" ქომუნითი შილდი ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო.

    აქვე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგა სტარტს პარასკევს, "ბარნლისა" და "მანჩესტერ სიტის" ჯახით აიღებს. "არსენალი" თავის პირველ მატჩს შაბათს ჩაატარებს და "ნოტინგემ ფორესტს" შეხვდება.

    Facebook კომენტარები