• 26-04-2024
    პოსტეკოგლუ: "არსენალს" დერბი არ უნდა მოვაგებინოთ"
    პოსტეკოგლუ: "არსენალს" დერბი არ უნდა მოვაგებინოთ"
    Author of the article
    Aa

    გასულ დღეებში ბევრჯერ გაიგებდით იმ მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ჩემპიონის ბედი ლონდონის "ტოტენჰემის" ხელშია, რადგან "დეზები" დარჩენილ ტურებში ტიტულის მაძიებელ სამივე გუნდს ხვდებიან. 

    გადამწყვეტი შეხვედრების სერიას "სპურსი" კვირას ჩრდილოლონდონური დერბით დაიწყებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ ჟურნალისტებს სიტყვა მისცა, რომ ლონდონის "არსენალთან" შეხვედრაში მისი გუნდი აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

    "მთავარია, რომ გამოწვევას ჩავეჭიდოთ და იგი იმ სტილში შევასრულოთ, რომელმაც აქ ყოფნის საშუალება მოგვცა.

    ამ წელს არასტაბილურობა დაგვჩემდა. გვქონდა პრობლემები, მაგრამ როცა კარგად ვთამაშობდით, ვთამაშობდით განსაზღვრული გზით და ყველაფერს ასე ვაკეთებდით. უაზრობა იქნება, თუ სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ამას შევცვლით.

    ჩვენ ჩვენი ფეხბურთის თამაშზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. დერბი კარგი საზომი იქნება, რადგან სხვანაირად არასდროს გვეცოდინება, წარმატების მომტანია თუ არა ეს დამოკიდებულება. 

    ასეთი მატჩების სახლში ჩატარების მნიშვნელობას კარგად ვხვდებით. ჩვენ მთავარ მეტოქეს ჩვენთვის ყველაზე დიდი დერბი არ უნდა მოვაგებინოთ," - განაცხადა პოსტეკოგლუმ.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 1 ქულით უსწრებს, მაგრამ "ქალაქელებს" 1-ით ნაკლები შეხვედრა აქვთ ნათამაშები. რაც შეეხება "ტოტენჰემს", მეოთხეადგილოსან "ასტონ ვილასთან" სხვაობა 6 ქულა და თადარიგში არსებული 2 მატჩია.

    დერბი "ტოტენჰემ სთედიუმზე" თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები