• 25-01-2023
    ხვიჩა იტალიაში შეიძლება 2018 წელს გადასულიყო - უცნობი ისტორია
    ხვიჩა იტალიაში შეიძლება 2018 წელს გადასულიყო - უცნობი ისტორია
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია ა-ში 2022 წელს შეაბიჯა და ამ ქვეყნის ჩემპიონატში უმალ გაიბრწყინა, თუმცა, როგორც ირკვევა, არსებობდა შანსი, აპენინზე ქართველი გარემარბი გაცილებით ადრეც გადაბარგებულიყო.


    "რომასა" და "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი რობერტო პოლიკანო, რომელიც წარსულში "უდინეზეს" სკაუტი გახლდათ, ირწმუნება, რომ 2018 წელს "ზებრებს" კვარას ხელში ჩაგდება სურდათ.


    "კვარაცხელიას თამაში ჯერ კიდევ 2018 წელს შევაფასეთ. გასულ წლებში მან მთავარი თვისებები გამოამზეურა. ხვიჩას "უდინეზეში" მიყვანა გვინდოდა, მაგრამ მას ვერ დავარეგისტრირებდით, რადგან გუნდში არაევროკავშირელის ადგილი არ გვქონდა. 


    კვარას ტალანტი თვალშისაცემია. "ნაპოლიმ" მასზე გამართლებული ფსონი დადო. ხვიჩა ნეაპოლში დამკვიდრდა. მნიშვნელოვანია მისი თავმდაბლობაც," - უთხრა პოლიკანომ რადიო "მარტეს".


    შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეიმ" ახალგაზრდა შემტევი ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ იყიდა. ნეაპოლელთა მაისურით ჩატარებულ 20 ოფიციალურ მატჩში ხვიჩას მონაგარი 9 გოლისა და 10 საგოლე გადაცემისგან შედგება.

    Facebook კომენტარები