გათიშვა

რაისი: "ლუის-სკელი თითქოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი"

რაისი: "ლუის-სკელი თითქოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი"
4 დღის და 21 1 საათის წინ
ირაკლი ხასაია

ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის მე-18 ტურში "იფსვიჩ თაუნს" 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე კაი ჰავერცმა, ლეანდრო ტროსარის გადაცემით შეაგდო.

შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი "არსენალის" 18 წლის ტალანტი, მაილს ლუის-სკელი გახლდათ. ლუის-სკელი პოზიციით ნახევარმცველია, თუმცა გუშინაც და მიმდინარე სეზონშიც, მარცხენა მცველად მოგვევლინა. ინგლისელი ფეხბურთელის ასპარეზობით აღფრთოვანებული დარჩა მისი თანაგუნდელი, დეკლან რაისიც.

"მაილსს მწვერვალზე ასვლა შეუძლია. ეს ბიჭი უმაღლესი დონისაა. 18 წლის ფეხბურთელი ასეთი კარგი, ასეთი კომფორტული, ასეთი ძლიერი - თითქოს ის ლაბორატორიაში გამოიყვანეს.

ლუის-სკელის რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ იგი საოცრად კარგია, თუმცა წინ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მას შესანიშნავი ოჯახი უმაგრებს ზურგს. ვიცი, რომ მაილსს ბრწყინვალე დედა უვლის და ასევე არიან განწყობილები მის გვერდით მოთამაშე ფეხბურთელებიც.

ჩვენ ძალიან მაგარი ახალგაზრდები გვეზრდებიან, მაილსს კი შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა. უბრალოდ, უნდა დარჩეს ფოკუსირებული და ყოველთვის მეტისკენ ისწრაფვოს," - თქვა რაისმა.

"არსენალმა" წუხანდელი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა. პირველადგილოსან "ლივერპულს" ლონდონელები 6 ქულით ჩამორჩებიან, ოღონდ "სქაუზერებს" 1-ით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. პირველ იანვარს მიკელ არტეტას გუნდი სტუმრად "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება (21:30). 

FACEBOOK კომენტარები