იტალიურმა "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სერჟიო კონსეისაუს დანიშვნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გააფორმა.
მოარული ხმების თანახმად, კონსეისაუს ხელშეკრულება თავიდან მხოლოდ სეზონის ბოლომდე იქნებოდა გათვლილი, გახანგრძლივების პერსპექტივა კი მას შემდგომში ექნებოდა, თუმცა საბოლოოდ სხვაგვარი სურათი მივიღეთ.
ლომბარდიელებმა გუნდიდან პაოლო ფონსეკას გაშვება დღეს დილით გააოფიციალურეს. კონსეისაუს თანამემამულისთვის "მილანის" მესაჭის როლში უკანასკნელი მატჩი "რომას" წინააღმდეგ შედგა და ფრედ (1:1) დასრულდა.
როგორც ამბობენ, კონსეისაუს "მილანი" ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეუთანხმდა, ამიტომ წუხელ "შავ-წითლებს" რომც მოეგოთ, ფონსეკას მაინც გაათავისუფლებდნენ.
"პორტუს" ყოფილი დამრიგებელი თავის ახალ შეგირდებს პირველად ხვალ ავარჯიშებს. 3 იანვარს მილანს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალი ელის ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ.