მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, „პარი სენ-ჟერმენმა“ წინასასეზონო მომზადება დაგვიანებით დაიწყო და ევროპის სუპერთასის შეხვედრას „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ სრულად მზად ვერ შეხვდა, თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო. „პარიზიენის“ ცნობით, ლუის ენრიკე ახალ სიურპრიზებს ამზადებს.
ლონდონელებთან დაპირისპირებაში ესპანელმა სპეციალისტმა განსხვავებული ტაქტიკური სქემა აირჩია და ძირითად შემადგენლობაში ფაბიან რუისი არ დააყენა. გამოცემის ვარაუდით, ენრიკე მომავალშიც არ მოერიდება ექსპერიმენტებს.
ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ „პარი სენ-ჟერმენთან“ ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში „ნანტის“ წინააღმდეგ კარში ლუკა შევალიე დადგება. პარიზელებს ისევ ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეში, სამაგიეროდ კი მწვრთნელი პირველად გამოიყენებს „ბორნმუთიდან“ შეძენილ მცველ ილია ზაბარნის. რამდენიმე ლიდერი ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ამჯერად სასტარტოში არ იქნება.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა („პარიზიენის“ ვერსიით):
შევალიე, ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ბერალდო, ლი, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, რამუში, მბაიე.