„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორი ივან ძაძარონი სარედაქციო წერილში წერს, რომ იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გაყიდვის გამო, „ნაპოლის“ მწვრთნელი ანტონიო კონტე აღშფოთდა და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მიმართ ნდობა დაკარგა, მაგრამ სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, საჭირო გარანტიები მიიღო, დარჩენაზე დათანხმდა და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა დაიწყო.
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ „კვარას“ მემკვიდრის, პსვ-ს და ნიდერლანდების ნაკრების 25 გარემარბის, ნოა ლანგის გადასაბირებლად მუშაობა განაახლა, რომელსაც ზამთარში ძალიან უნდოდა ნეაპოლურ გუნდში გადასვლა, თუმცა ეინდჰოვენური კლუბი არ დათანხმდა.
ლანგმა გასულ სეზონში ჩემპიონატის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, პსვ-სთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა. ნოას ქვეყნის ნაკრებში 13 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „ნაპოლიმ“ უკვე დაითანხმა თავის გუნდში გადასვლაზე კევინ დე ბრუინი (თავისუფალი აგენტი) და ლუკა მარიანუჩი (ემპოლი) და ედონ ჟეგროვას (ლილი) და ჯონათან დევიდის (თავისუფალი აგენტი) გადაბირებას ცდილობს.
ნეაპოლური კლუბის სურვილი აგრეთვე „სპორტინგის“ ბომბარდირის ვიქტორ დიოკერეშის დამატებაა, მაგრამ მისი ღირებულება 75 მილიონია და ძნელი წარმოსადგენია მიზანს მიაღწიონ, თუმცა ვინ იცის...