გათიშვა

"ზუსტად 1 თვის წინათ ტაშს ვუკრავდით, ახლა ლამის მიწაში ჩავდეთ" - გოგა ჩანადირი კვარაცხელიასა და მიქაუტაძეზე

"ზუსტად 1 თვის წინათ ტაშს ვუკრავდით, ახლა ლამის მიწაში ჩავდეთ" - გოგა ჩანადირი კვარაცხელიასა და მიქაუტაძეზე
1 წლის და 5 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ცნობილი ქართველი ფოტოგრამი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ბოლო დროს აქტუალურ საკითხს გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძეს და ხვიჩა კვარაცხელიას ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარის თქმის გამო ქართველი ქომაგების ნაწილი აქტიურად აკრიტიკებენ. 

"ვფიქრობ, სრულიად უსამართლოდ ამუნათებენ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს იმიტომ, რომ არ იასპარეზეს 21-წლამდელთა ევროპირველობაზე. მესმის იმ გულშემატკივრების, რომლებსაც ნაკრებისგან უფრო მეტის მიღწევა უნდოდათ, მეც მათ შორის ვარ, მაგრამ არ მგონია, ნახევარფინალში გაუსვლელობის გამო ხვიჩა-გიორგის უნდა შევდგეთ". 

"ბიჭები ადამიანები არიან და არა რობოტები. როცა წინ ურთულესი და უმძიმესი სეზონი გქონდა, შესაძლებლობების ზღვარი, ადამიანის გადაწვისა და ტრავმების რისკი არსებობს".

"ერთის გუნდი იტალიის პირველობისკენ იქაჩებოდა, მეორე - საფრანგეთის მთავარ ლიგაში გადასვლისკენ. ერთი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მეორე - საფრანგეთის ლიგა 2-ის".

"ზუსტად 1 თვის წინათ ტაშს ვუკრავდით კვარაცხელიასაც და მიქაუტაძესაც და ახლა, ლამის მიწაში ჩავდეთ. მარადონამ და მოდრიჩმა ითამაშეს 21-წლამდელებშიო, რომ ამბობთ, ჯერ ერთი, არც ყველა ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობაა ერთნაირი, არც ამდენი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული მათ ამ ასაკში 9 თვეში, რაც, მაგალითად, ხვიჩას ჰქონდა (იტალიის პირველობა, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრები)".

"რა გვინდა, არ დაისვენონ მძიმესეზონგამოვლილებმა? მთელი კარიერა შესწირონ ერთ არცთუ განსაკუთრებულ პირველობას?"

"არავინ იცის, ბიჭებს ახალგაზრდულ ევროპირველობაზე რომ ეთამაშათ, რა დღეში ჩავარდებოდნე. ანდაც, ნაკრებს იგივე შედეგისთვის რომ მიეღწია, რა უნდა გვეთქვა - კარგად ვერ ითამაშესო? ძირითადი ნაკრების უფრო მნიშვნელოვანი თამაშების წინ რომ ტრავმები მიეღოთ, რა უნდა გვეთქვა?"

"მიქაუტაძეს ახლა ახალი საფეხბურთო კარიერა ეხსნება და რამე რომ დამართნოდა?  ნახეთ, ჰო, რა უხეში თამაშები იყო პირველობაზე და რამდენი ყვითელი ბარათი (წითელიც) აფრიალდა".

"ახალგაზრდულმა ნაკრებმა არსებული შესაძლებლობებით მეტსაც კი  მიაღწია. ისრაელთან კარში არც დაგვირტყამს. ეს ხვიჩა-გიორგის ბრალია? ამაზე არ ვიფიქროთ?"

"მე ვფიქრობ, უკეთესიც კი იყო, კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ რომ არ ითამაშეს. ამან სხვა ფეხბურთელებს, უმეტესად ევროპისთვის უცნობებს კარი გაუხსნა, უფრო შეამჩნიეს კიდეც, უფრო კარგადაც დავინახეთ დადებითი მხარეც და შეცდომა-სისუსტეებიც".

"ამაზე რომ ვიმსჯელოთ, უფრო მართებულია, თორემ ბიჭების უთამაშებლობის გამო წაგების გადაბრალებით ვერ გავიზრდებით, ვერ დავიხვეწებით".

"დაკიდევ, ხვიჩამაც და გიორგიმაც უკეთესად იციან საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები და იმაზე მეტს ნუ მოვთხოვთ, რაც მათ ძალებს აღემატებათ".

"მადლობა მათ მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი თამაშებისთვის და საფეხბურთო რუკაზე საქართველოს დაბრუნებისთვის", ამბობს ჩანადირი.

FACEBOOK კომენტარები