• 15-05-2022
    ალეგრი მიმდინარე სეზონს აჯამებს
    ალეგრი მიმდინარე სეზონს აჯამებს

    ტურინის "იუვენტუსი" ხვალ "ლაციოს" დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრიმ ტრადიციული მატჩისწინა კომენტარი გააკეთა და უამრავ საკითხზე ისაუბრა. პირველ რიგში, იგი შეეხო ბოლო მატჩს, რომელიც იტალიის თასის ფინალში, "ინტერის" წინააღდეგ შედგა. მაქსის თქმით, ამ მატჩში წარუმატებლობა დიდი იმედგაცრუება იყო: "ინტერთან" მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ. იმედგაცრუებული ვარ, რომ თასი სახლში ვერ წამოვიღეთ, მაგრამ როცა მარცხდები, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და გაჩუმდე."


    "სეზონით საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, გუნდი გაიზარდა და მინიმალურ მიზანს მიაღწია, თუმცა ტიტულის ვერ მოგებით ნამდვილად არ ვარ ბედნიერი."


    "იუვეს" თავკაცი შეეხო ხვალინდელ მატჩსაც და დასძინა, რომ გამარჯვება აუცილებელია: "ხვალ სახლში ბოლო მატჩს გავმართავთ მიმდინარე სეზონში და კარგად უნდა ჩავატაროთ. ამავდროულად, კიელინი და დიბალაც ბოლოჯერ ითამაშებენ გუნდის საშინაო მოედანზე და მათაც პატივი უნდა ვცეთ."


    "ჯორჯო 17 წელი ამ გუნდის ღირსებას იცავდა და ბევრი აქვს გაკეთებული. პაულო მასთან შედარებით ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი დააფასებს"- განაცხადა მაქსმა.


    ალეგრის დიდი მოლოდინები აქვს დუშან ვლაჰოვიჩის მხრიდან და მიიჩნევს, რომ მომავალ წელს სერბი უკეთესი იქნება: "ჯერ მხოლოდ მეხუთე თვეა აქ არის. დუშანი შესანიშნავი ფეხბურთელია და დარმუნებული ვარ, რომ უკეთესად ითამაშებს, მას ეს შეუძლია. ახალგაზრდაა და მოუმატებს."


    მაქსის განცხადებით, ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაურს ლეონარდო ბონუჩი მოირგებს.


     

    Facebook კომენტარები