კარსმომდგარი ევრო 2024-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი დებიუტანტი საქართველო უნდა იყოს, ამ ნაკრების საინტერესოობას კი უცხოელ ქომაგთათვის იტალიური "ნაპოლის" 23 წლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი კიდევ უფრო ზრდის.
ცხადია, ყველას აინტერესებს, თუ როგორ წარდგება თავის პირველ დიდ სანაკრებო ტურნირზე სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.
კვარას წარმატებაში ეჭვი არ ეპარება ერთ-ერთ უკრაინელ გულშემატკივარს, რომელმაც ხვიჩას შთამბეჭდავ გამოსვლაზე ფსონი ერთ-ერთ ტოტალიზატორში განათავსა.
ეს პირი 100 ევროს ჩამოდის იმაზე, რომ ხვიჩა ტურნირს 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულებს.
ფსონში არსადაა დაკონკრეტებული, თუ რომელ შეხვედრებში დააგროვებს კვარაცხელია ამ სტატისტიკას. არ ვიცით ისიც, თუ რა ეტაპამდე გააღწევენ "ჯვაროსნები", მაგრამ, ბუნებრივია, ლიდერის ასეთი თამაში მათ წინსვლას ხელს აუცილებლად შეუწყობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩს ვილი სანიოლის შეგირდები 18 ივნისს გამართავენ და თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.