• 07-11-2023
    XXI საუკუნის ქართველი ფეხბურთელების სიმბოლური თერთმეტეული
    XXI საუკუნის ქართველი ფეხბურთელების სიმბოლური თერთმეტეული

    21-ე საუკუნეს ქართული ფეხბურთისთვის წარმატებებით დახუნძლული ნამდვილად არ ეთქმის, თუმცა გასული 23 წლის განმავლობაში, ჩვენ მაინც გვყავდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც სასიხარულო მომენტებიც მრავლად გვაჩუქეს და გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრეს.

    ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ, 21-ე საუკუნის სიმბოლურ თერთმეტეულს.

    მეკარე: გიორგი ლორია

    მეკარის პოზიცია საქართველოს ნაკრებში ყოველთვის არასტაბილურობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც "ჯვაროსნებში" გიორგი ლორია გამოჩნდა, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა. მართალია, "დინამოს" აღზრდილ კიპერს საკლუბო კარიერა შთამბეჭდავი ვერ გამოუვიდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში მისი დამსახურება ამ ფაქტზე თვალის დახუჭვას გვაიძულებს. ვისაც უნახავს ლორიას მიერ 2012 წელს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული საოცარი მატჩი და "დინამო არენას" აფეთქებული ტრიბუნები, მისი სახელი და გვარი ალბათ არასდროს დაავიწყდებოდა.

    დაცვა: კახა კალაძე, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი

    3-მცველიან სქემაში მარცხენა ფლანგს კახა კალაძე გაამაგრებს, რომლის აქტივშიც ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტულია. ცენტრში გურამ კაშია იქნება, როგორც ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი და კაპიტანი. რაც შეეხება მარჯვენა ფრთას, იქ ბრიტანულ ფეხბურთში გამოცდილ ზურაბ ხიზანიშვილს გავამწესებთ.

    ნახევარდაცვა: გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი, მალხაზ ასათიანი, ხვიჩა კვარაცხელია

    სანამ შემტევი ტიპის ნახევარმცველებზე გადავიდოდეთ, მოედნის ცენტრი სამ ფეხბურთელს ჩავაბაროთ. პირველი ჯაბა კანკავაა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა მეტოქე გუნდის შუახაზელების წინააღმდეგ და მისი ნაკრებიდან წასვლით გამოწვეული დანაკლისი "ჯვაროსნებმა" ჯერ ბოლომდე ვერც აღმოფხვრეს. ლევან კობიაშვილი კი, მართალია, "ფრაიბურგში", "შალკეში" თუ თავის სხვა გუნდებში უფრო ფლანგის ფეხბურთელად გვევლინებოდა ხოლმე, მაგრამ ნაკრებში მისი როლი განსხვავებული გახლდათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური 100 შეხვედრაში მოირგო. გვახსოვდეს ისიც, რომ ნაკრების ისტორიაში ყველაზე დამასახსოვრებელი გოლიც მის ანგარიშზეა - ცხადია, ვგულისხმობთ 2011 წლის 29 მარტს, ხორვატთა კარში განხორციელებულ შედეგიან დარტყმას. დასამახსოვრებელ გოლებს თუ ვახსენებთ, მალხაზ ასათიანიც არ უნდა გამოგვრჩეს. ასკას მიერ რუსეთის ნაკრებისთვის გატანილი გოლი 2000-იანი წლების ბნელი გარიჟრაჟის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია.

    ამ სიაში ჩაკვეტაძის ყოფნა ბევრს შეიძლება გადამეტებულად მოეჩვენოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ გულშემატკივრის ქართული ფეხბურთისკენ დიდი შემობრუნება სწორედ გიორგიმ, "ასტანა არენაზე" გატანილი გოლით დაიწყო. ჩაკვეს ტრავმებმა არ მისცეს საშუალება, იმ დონეზე ასულიყო, რომელზეც ეკუთვნის ყოფნა, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი ასპარეზობა ოპტიმიზმის საფუძველს მაინც ტოვებს და გვაფიქრებინებს, რომ გიორგის წინ მაინც კარგი საკლუბო კარიერა ელოდება.

    ხვიჩა კვარაცხელიაზე კი ბევრი ლაპარაკი ზედმეტი იქნება. პირველივე ევროპულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯიდო და მე-17 პოზიცია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე - ეს ბიჭი მხოლოდ 22 წლისაა და ჯერ ახლა იწყებს. თანაც, ნაკრებში უკვე მოასწრო არაერთი დასამახსოვრებელი გოლის მითვლაც.

    ცენტრფორვარდი: შოთა არველაძე

    ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ეს თერთმეტეული ვერ შედგებოდა. შოთამ სანაკრებო კარიერა 2007 წელს დაასრულა და მისი წასვლის შემდეგ ქართველი ერი დიდხანს ეძებდა ნომინალურ ცხრიანს, რომელიც არველაძის მემკვიდრედ მოგვევლინებოდა. ამ გზაზე ახლა გიორგი მიქაუტაძეა შემდგარი, თუმცა მანამ, სანამ გიორგი გაცემულ ავანსებს გაამართლებდეს, შოთი კვლავ რჩება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გოლეადორად.


    გიორგი ლორია

    კახა კალაძე - გურამ კაშია - ზურაბ ხიზანიშვილი

    გიორგი ჩაკვეტაძე - ჯაბა კანკავა - ლევან კობიაშვილი - მალხაზ ასათიანი - ხვიჩა კვარაცხელია

    შოთა არველაძე, თორნიკე ოქრიაშვილი

    Facebook კომენტარები