უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

8-04-2016, 22:18

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"რეალი" - "ეიბარი" (შაბათი: 18:00)

მას შემდეგ, რაც "რეალმა" შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა "ბარსელონასთან" კამპ ნოუზე, მადრიდულმა გრანდმა საკუთარ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი წრის მატჩში "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, სადაც სამეფო კლუბი 2-0 დამარცხდა. "ეიბარი" ევროტურნირებისთვის ვეღარ იბრძვის, არც გავარდნა ემუქრება, ამიტომ ისინი საკმაოდ მშვიდად არიან. "რეალი" ჯერჯერობით მეორე ადგილისთვის იბრძვის, რომელზეც კონკურენციას თანაქალაქელი "ატლეტიკო" უწევს. ზიდანი ეცდება, რომ სამშაბათს გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გუნდი კარგ ხასიათზე იყოს და "ეიბართან", დიდი ალბათობით, ლაღ და გახსნილ ფეხბურთს ვიხილავთ.

ყურებადობის გარანტია: 80%

"ვალენსია" - "სევილია" (კვირა: 18:00)

როგორც მოგეხსენებათ, "ვალენსიამ" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარი ნევილი გაუშვა. ახალი მწვრთნელის განკარგულებაში "ღამურებმა" ერთი მატჩი ჩაატარეს "ლას პალმასის" წინააღმდეგ, რომელიც 1-0 დათმეს. აღსანიშნავია, რომ "ვალენსიამ" ბოლო 4 მატჩში 0 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში საკმაო რეგრესი განიცადა. გუნდმა ლა ლიგაში მე-15 ადგილზე ჩამოინაცვლა და მე-18 ადგილთან 6 ქულა აშორებს. გუშინ "სევილიამ" გამართ ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ და მეტოქე გასვლაზე 1-2 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, ამ ტურნირზე ეს კლუბი შესანიშნავად გამოდის. ესპანეთის პრიმერაში "სევილია" სწორედ ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.

ყურებადობის გარანტია: 82%

"ვესთ ჰემი" - "არსენალი" (შაბათი: 15:45)

ორივე გუნდს საკმაოდ მძიმე ბრძოლა ელის წინ. "ვესთ ჰემი" ევროტურნირებზე მოხვედრისთვის იბრძვის. "ჩაქუჩები" მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და "მანჩესტერ იუნაიტედს" ორი ქულით ჩამორჩებიან. "არსენალი" მთელი სეზონის განმავლობაში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოდა, თუმცა ბოლო პერიოდში არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის გამო, "მეთოფეები" ამ გამოწვევას გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ "ვესთ ჰემმა" "არსენალს" პრემიერ ლიგის პირველ წრეში ემირეითს სთეიდიუმზე 0-2 სძლია. ახლა კი არსენ ვენგერის შეგირდები რევანშის აღებას ეცდებიან. "არსენალს" საკმაოდ მართებს სიფრთხილე, რამეთუ "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" საკმაოდ ახლოს მიჰყვებიან ლონდონურ კლუბს.

ყურებადობის გარანტია: 89%

"მილანი" - "იუვენტუსი" (შაბათი: 22:45)

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, სერია ა-ს მოგებამდე ჯერ კიდევ ადრეა და სან სიროზე მისი გუნდი მაქსიმუმის გაკეთებას აპირებს. "ბებერი ქალბატონი" "ნაპოლის" ექვსი ქულით უსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინულმა კლუბმა იტალიის ჩემპიონატი საშინლად დაიწყო, მათ მოახერხეს და ჩემპიონატის ცხრილის სათავეში მოექცნენ, თან ისე, რომ თითქმის განაღდებული აქვთ სკუდეტოს მოპოვება. თავის მხრივ, "მილანი" ევროპის ლიგაზე მოხვედრისთვის იბრძვის. "როსონერის" ჩამორჩენა კონკურენტ "ინტერთან" 6 ქულაა, სერია ა-ს დასრულებამდე კი 7 ტურია დარჩენილი. დიდი ალბათობით, "მილანი" კვლავ ევროპის გარეშე დარჩება, თუმცა მიხაილოვიჩის გუნდი მაინც ბოლომდე იბრძოლებს.

ყურებადობის გარანტია: 92%

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერი" (კვირა: 19:00)

ყველასთვის მოულოდნელად "ტოტენჰემი" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძვის. წინა ტურში პირველადგილოსან "ლესტერთან" ჩამორჩენა 7 ქულამდე გაიზარდა, რადგან "დეზებმა" "ლივერპულთან" 1-1 ითამაშეს. მათ შეცდომის დაშვების უფლება თითქმის აღარ აქვთ, თუმცა ლონდონელებს საკმაოდ რთული მატჩი ელოდებათ "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. ლუი ვან გაალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამიტომ ჰოლანდიელი სპეციალისტი მაქსიმალურად ეცდება გუნდმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს, ამიტომ ეს თამაში "წითელი ეშმაკებისთვის" მნიშვნელოვანი იქნება. ასე რომ, უაით ჰართ ლეინზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდს დიდი გამოცდა ელის წინ.

ყურებადობის გარანტია: 95%

სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით